ზაფხულში განსაკუთრებით ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც წონაში კლება მოკლე დროში სურს. ამისათვის ათასგვარ დიეტას მიმართავენ და ხშირად, სასურველ შედეგს მაინც ვერ აღწევენ. ეს მეტ წილად არასწორად შედგენილი მენიუს ბრალია. წონაში დასაკლებად შიმშილობა აუცილებელი არ არის - დიეტა შეიძლება მრავალფეროვანი და გემრიელი საკვებითაც დაიცვათ და თან, კილოგრამები სწრაფად და ეფექტურად დაიკლოთ.

ჯანსაღი და სწორი კვება ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. მნიშვნელობა არ აქვს, ხართ თუ არა სპორტით დაკავებული, საკვების სწორად მიღება მაინც აუცილებელია. თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან მაღალია და ადამიანები წარმატების მისაღწევად დღე და ღამე მუშაობენ, რთულია კვების რაციონის საჭიროებისამებრ განსაზღვრა. მით უმეტეს, რომ ჯანსაღი საკვების მომზადებას ძალიან დიდი დრო მიაქვს. შეიძლება, დიდი მონდომებაც გქონდეთ, მაგრამ თქვენი ცხოვრების ტემპი ამის საშუალებას არ გაძლევდეთ.

რა არის ინებე?

ფოტო: თიბისი

თანამედროვე ადამიანების მოუცლელობასთან დაკავშირებული პრობლემები კარგად ესმით მარიტა გენებაშვილსა და ლეკო შათირიშვილს. ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა დაეარსებინათ კომპანია, რომელიც წონაში კლების მსურველებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა. კულინარიით გატაცებული წყვილი ამ იდეამ შეიპყრო და ერთ დღესაც შექმნეს კომპანია ინებე, რომელიც ქართულ რეალობაში ერთადერთი და განუმეორებელია.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებს წონაში დასაკლებად ხელი შეუწყოს და უგემრიელესი დიეტური საკვები ადგილზე მიართვას. მათ მიერ შეთავაზებული კერძები აუცილებლად დაგეხმარებათ წონის კლებაში, რადგან არც ერთ კერძში ცხიმი თერმულად არ მუშავდება, კერძები მზადდება გრილზე, ორთქლზე, ღუმელში და ა.შ. იმისთვის, რომ კერძები უფრო გემრიელი ყოფილიყო, ახალგაზრდა ბიზნესმენებმა მრავალფეროვანი სოუსები და გარნირები შექმნეს.

მარიტასთვის და ლეკოსთვის კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ დაენგრიათ სტერეოტიპი, თითქოს დიეტური საკვები გემრიელი არ არის. სწორედ ამიტომ, გამოცდილ შეფ მზარეულებთან ერთად, შეიმუშავეს ისეთი კერძები, რომლებიც მართლაც გემრიელია და ამავე დროს ჯანსაღად, დიეტურადაა მომზადებული.

კერძები ევროპული დანადგარებით აღჭურვილ სამზარეულოში მზადდება, სადაც მთლიანად დაცულია უმაღლესი სტანდარტები. ამ ეტაპზე, კომპანია მხოლოდ და მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით არის დაკავებული და მათ რესტორანი, ბარი ან რაიმე სხვა სახის ფიზიკური წერტილი არ გააჩნიათ.

ფოტო: Inebe

როგორი მენიუა?

ინებეს მიერ შექმნილი მენიუ განსხვავდება მომხმარებლების მიზნისა და დიეტის მიხედვით. ამ ეტაპზე, კომპანია, ოთხი ტიპის დიეტისთვის ქმნის კვების სწორ რაციონს. თითოეული მათგანის შექმნისას ახალგაზრდა ბიზნესმენები დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობენ და მაქსიმალური სიზუსტით ითვლიან კალორიებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და სხვ.

ამ დროისთვის შექმნილია შემდეგი ოთხი დიეტის მენიუ:

  • ექიმ ნუტრიციოლოგთან ერთად შედგენილი ჯანსაღი კვების მენიუ;
  • ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად შედგენილი ფიტნეს დიეტის მენიუ;
  • დუკანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად შექმნილი დუკანის დიეტის სამი ფაზის მენიუ;
  • პალეო რეჟიმის მიხედვით შექმნილი პრემიერ დიეტის მენიუ;

თითოეული დიეტის რაციონი დაყოფილია 7 დღეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე განსხვავებული კერძებია შემოთავაზებული. კვირის განმავლობაში, არც ერთი დღის მენიუ არ მეორდება. ეს მარიტასა და ლეკოს მთავარი პრინციპია - მათ სურთ, რომ მომხმარებლებს არ მობეზრდეთ დიეტაზე ყოფნა და არ იყვნენ სტრესში, რისთვისაც ცდილობენ მაქსიმალურად მრავალფეროვანი მენიუს შექმნას.

დუკანის დიეტა ცნობილია, როგორც ცილოვანი დიეტა, რომლის დროსაც ადამიანი ცილოვანი საკვებით იკვებება. ეს დიეტა სამ ფაზად არის დაყოფილი და ყოველ ახალ ეტაპზე სხვადასხვა სახის პროდუქტი ემატება. ინებე დუკანის დიეტის სამივე ფაზისთვის გთავაზობთ სპეციალურად შემუშავებულ უგემრიელეს დიეტას.

მაგალითისთვის, ორშაბათ დღეს, ფოტოზე მოცემული მენიუა გათვალისწინებული, დანარჩენი დღეებისთვის კი სხვა კერძებია შემოთავაზებული.

ფოტო: Inebe

პრემიერ დიეტა ჯანსაღი კვების პრინციპებზე დაფუძნებული კვების რეჟიმია, რომელიც შექმნილია მათთვის, ვისაც სურს თვეში 5-9 კგ-ის დაკლება ცხიმოვანი შრის შემცირების ხარჯზე და კუნთოვანი მასისა და სიმკვრივის შენარჩუნებით. მენიუ აქაც განსხვავებულია.

ფოტო: Inebe

ექსპრეს დიეტისთვის შემუშავებული მენიუ განსხვავდება სქესის მიხედვით. ამ დიეტით შესაძლებელია კვირაში 2-4 კილოგრამის დაკლება. შედეგი დამოკიდებულია თქვენს ფიზიკურ აქტივობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დიეტის განმავლობაში უკვე შედგენილ მენიუს არ დაამატოთ დამატებითი საკვები, მარილი და სხვ. ექსპრეს დიეტის პირველი დღის მენიუ კაცებისთვის ასეთია:

ფოტო: Inebe

ქალებისთვის კი, ასეთი:

ფოტო: Ineb

რაც შეეხება ფიტნეს დიეტას, ის უფრო მეტად შემუშავებულია სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის. მოგეხსენებათ, სპორტში შედეგის მიღწევა უმეტესად სწორ კვებაზეა დამოკიდებული და მის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია სასურველი მიზნის მიღწევა. მენიუ პროფესიონალ ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად არის შედგენილი და ის თქვენი მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფიტნეს დიეტის პირველი დღის მენიუ კი, ასეთი იქნება:

ფოტო: Inebe

როგორ ხდება შეკვეთა?

კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა მათ საიტზე, Inebe.ge-ზეა შესაძლებელი. საიტზე თითოეული დიეტის ყოველი დღის მენიუა მოცემული და ის დეტალურად არის ახსნილი. საიტზე შესვლისთანავე, მომხმარებელმა უნდა აირჩიოს სასურველი დიეტა, გაეცნოს მენიუს და გააფორმოს შეკვეთა. შეკვეთის გაფორმება ძალიან მარტივად, ღილაკზე დაწკაპუნებით ხდება.

კომპანია მომხმარებელს ერთ კვირიან პაკეტებს სთავაზობს. მსურველმა 7 დღის თანხა წინასწარ უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც, მისთვის სასურველ ადგილას, ერთი დღის სრული რაციონი ყოველდღე მიეწოდება. კომპანიას ყოველი მომდევნო დღის მენიუ წინა საღამოს მოაქვს, რათა მომხმარებელმა თავისი რეჟიმის მიხედვით გადაინაწილოს. ამგვარი მიდგომა იმით არის განპირობებული, რომ ზოგიერთი დღეს დილის რვა საათზე იწყებს, ზოგიერთს კი შუადღემდე სძინავს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია საკვები მუდამ მზად ჰქონდეთ.

ამასთან, კომპანია, პერიოდულად, ყოველკვირეულ მენიუსაც ცვლის. ისინი ითვალისწინებენ მომხმარებლების სურვილებს, პროდუქტების სეზონურობასა და სხვა დამატებით ფაქტორებს.

მენიუს ფასები განსხვავდება დიეტის მიხედვით. ისეთი დიეტები, რომლებიც მეტ ან უფრო ძვირადღირებულ პროდუქტებს მოითხოვს, ცხადია უფრო ძვირი ღირს. ჯამში, თითოეული დიეტის ფასი ხელმისაწვდომია.

ამგვარი სერვისის არსებობა დაკავებულ და ძალიან დატვირთულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ მათთვის კომფორტულ გარემოში, მუშაობის დროსაც კი, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და სხეულზე.

რა არის მიკროგრინი?

მარიტას და ლეკოს ბიზნესსაქმიანობა მხოლოდ ინებეთი არ ამოიწურება. ახალგაზრდა წყვილი კულინარიით იმდენად არის გატაცებული, რომ ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნას მუდმივად ახერხებენ. მათ მეორე კომპანია, მიკროგრინიც დააფუძნეს, რომელსაც თავისი გამორჩეული ნიშა აქვს.

ფოტო: Microgreen

"მიკროგრინი არის ვიტამინებით სავსე მიკრომწვანილის მწარმოებელი ბრენდი. მიკრომწვანილი სხვადასხვა ბოსტნეულის მცირე ვერსიაა, დათესვიდან 14-18 დღეში იკრიფება და აქვს მწვანილის ფორმა, ამიტომაც ეწოდება მიკრომწვანილი. ასეთი ახალგაზრდა ასაკის გამო არის ძალიან სასარგებლო და არომატული. მეცნიერული კვლევების თანახმად, მიკრომწვანილი 10-ჯერ და უფრო მეტჯერ მდიდარია სასიცოცხლო ელემენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ვიდრე იმავე ბოსტნეულის ზრდასრული ვერსია ", ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი.

ფოტო: Microgreen

მიკრომწვანილები ახალგაზრდა ბიზნესმენებს სპეციალურ სათბურში, ე.წ. მომავლის ფერმაში მოჰყავთ, რომელიც საქართველოში პირველად შეიქმნა. ეს არის სათბურის თანამედროვე, ვერტიკალური ფორმა, სადაც მიკრომწვანილი ბოსტნეულისთვის საუკეთესო კლიმატში მოდის. აქ მიკრომწვანილი ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, სასუქების და სხვა მავნებელი ნივთიერებების გარეშე იზრდება.

მიკრომწვანილი ნებისმიერი კერძის, ვიზუალისა თუ გემოს გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა. პროდუქციის სრული ასორტიმენტის ნახვა კომპანიის ოფიციალურ გვერდზე, Microgreen.ge-ზე, ხოლო შეძენა მარშალ გელოვანის ქუჩაზე, 22 ნომერში, აგროჰაბში შეიძლება.

კომპანიისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ორივე ბიზნესით 2017 წლის ბიზნესდაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული სტარტაპების შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობს.