საქართველოს პრეზიდენტმა შვიდ თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ვეტო დადო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"ეს [თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება] უაღრესად დასანანია, იმიტომ, რომ ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქების სტატუსი მიენიჭა 2014 წელს, ქართული ოცნების რეფორმის ფარგლებში. ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია. როდესაც შვიდ ქალაქს ერთმევა თვითმმართველობის სტატუსი ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას ქვეყანაში. თვითმმართველობა უზრუნველყოფს მთავრობის ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავრი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტმა შვიდი თვითმმართველი ქალაქის - გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების დადგენილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. დადგენილების პროექტს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი იყო.

ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ კანონპროექტისთვის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ვეტო დაედო.