საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სადაც ის აცხადებს, რომ უკრაინაში ჩასვლის კანონიერ უფლებისთვის ბრძოლას აპირებს:

"მე ერთი მოქალაქეობა მაქვს - უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება".

სააკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "მალულად", მისი ქვეყანაში არ ყოფნის დროს გადაწყვიტა:

"როგორც კი მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერთიანდებით, რათა შემოდგომაზე ქუჩებში გამოვსულიყავით და მათი ოლიგარქიული შეთანხმება დავასრულოთ, შიშმა სძლია საღ გონებას".

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკო საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით ჩავიდა, არამედ მორიგი შეთანხმების, ამჯერად "ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინული პოროშენკოსა და გაზპრომის უდიდესი აქციონერის, პრო-რუს ივანიშვილს შორის":

"2 დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც ოდესღაც მაიდანი იმედებს ამყარებდა, შეცვალა მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობა. ახალი ხალხი შეიყვანა და ეს მარიონეტული კომისია მზად იყო პოროშენკოს ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა. ამ ბრძანებით თქვენ ხელი მოაწერეთ თქვენი ხელისუფლების გარდაუვალ დამარცხებას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას გავაგრძელებ".

გუშინ, 27 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინული გამოცემის ცნობით, მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდა შესაბამისი კანონის ერთ-ერთი მუხლი, რაც მოქალაქეობის მიღებას ტყუილის გამოყენებით გულისხმობს.