ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ სამი აგვისტოს საღამოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ტრანსგენდერ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ორი უცნობი პირი თავს დაესხათ. დაზარალებული ჰყვება, რომ თავდამსხმელებმა მათ მიმართ ელექტროშოკი გამოიყენეს და წიწაკის სპრეი შეასხეს, რის შემდეგაც ჰოსპიტალიზაცია და დამწვრობის ცენტრში გადაყვანა დასჭირდათ:

"დაზიანებები მაქვს სახისა და მარჯვენა ხელის მიდამოებში, ანალოგიურად ჩემს მეგობარსაც".

როგორც დაზარალებული ამბობს, ინციდენტს შეესწრო კრიმინალური პოლიცია და მაშინვე დააკავეს თავდამსხმელები, თუმცა მისივე თქმით, შემდეგ სამართალდამცავების მიდგომა რადიკალურად შეიცვალა:

"ისინი ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ საჩივარი არ დაგვეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვაკავებდნენ. ჩემზე მსგავსი მუქარები არ მოქმედებს, თუმცა ჩემი ტრანსგენდერი მეგობრები დაიყოლიეს და უარი ათქმევინეს საჩივრის დაწერაზე. მათ იყენებენ ჩემ წინააღმდეგ და ემუქრებიან, რომ მე თუ დავწერ საჩივარს, მათ გამოუჩხრეკენ რაღაც საქმეებს და დააკავებენ".

დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი ასევე ამბობს, რომ თავდამსხმელების თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თითქოს, მათ მანქანა დაულეწეს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამიტომ მივიდნენ შეიარაღებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის განუცხადეს, რომ შანტაჟის ვერსიას არ ადასტურებენ, რაც შეეხება თავდასხმის ფაქტს, უწყების ცნობით, ჯერჯერობით მოკვლევის ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ორივე მხარე გამოიკითხება.

დაზარალებული მირანდა ფაღავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს ფოტოებსა და განცხადებას: