კომპანია იბერია ბიზნეს ჯგუფი განმარტებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2016 წელს 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კომპანიის ქონების რეალიზაციით მიიღო. ეს ინფორმაცია კომპანიის ადმინისტრაციის უფროსმა On.ge-ს ნინო ქვლივიძემ მიაწოდა.

მისივე თქმით, იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიები ძირითად მოგებას ავტომობილებისა და მისი ნაწილების ექსპორტით იღებენ. მათ შორის, კია მოტორს ჯორჯიას მოგების 70-80 პროცენტი რეექსპორტიდან მიღებული შემოსავალია. როგორც კომპანიაში ამბობენ, 2014-2015 წლებში, რეექსპორტის სამჯერ აღემატებოდა შიდა ბაზრის გაყიდვებს, ასეა ახსნილი ამ კომპანიიდან ხეჩიკაშვილის მიერ გასულ წლებში მიღებული მილიონები.

3 აგვისტოს On.ge-მ ტარიელ ხეჩიკაშვილის დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მასალაში აღნიშნული იყო, რომ მინისტრმა 2014 წელს კომპანია შპს კია მოტორს ჯორჯიადან 4,2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2015 წელს კი მისი შემოსავლები იზრდებოდა. კერძოდ, კია მოტორს ჯორჯიაში 5,6 მილიონს გადააჭარბა, შპს იბერია ავტო ცენტრში კი 2,6 მილიონ ლარს. ორივე კომპანია ხეჩიკაშვილის მინისტრობამდეც და მინისტრობის შემდეგაც სახელმწიფო ტენდერებს იგებს.

განსხვავებული მდგომარეობა იყო 2016 წლის შემთხვევაში. ხეჩიკაშვილის შემოსავლები იზრდებოდა, თუმცა მას თანხა არ მიუღია კია მოტორს ჯორჯიადან, იბერია ავტო ცენტრიდან მიღებული შემოსავალი კი გასულ წელზე 25-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 105 ათასი ლარი იყო. 2016 წელს მინისტრის შემოსავალი იბერია ბიზნეს ჯგუფიდან მიღებული 10 მილიონ ლარზე მეტის მიღებით გაიზარდა.