სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში შეუსაბამობები აღმოაჩინა, რის გამოც საყინულე მაცივარსა და პურ-ფუნთუშეულის საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა დაფარული საჩივრით მიმართა Momxmarebeli.ge-ს და სთხოვა თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემომწმება. ამის შემდეგ Momxmarebeli.ge-მ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს კარფურის შემოწმების თხოვნით. თხოვნაზე სააგენტოს პასუხი კი ასეთი იყო:

"სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ჰიპერმარკეტის [კარფური] საწარმოში დაცული არ იყო ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნები. კრიტიკული შეუსაბამობის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი" 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციული ამართალდარღვევის ოქმი №010059, საყინულე მაცივარში და პურ-ფუნთუშეულის საამქროში შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ადგილზე ასევე შეივსო შესაბამისობის შეფასების აქტი №1A7С70044260Ε 04/08.2017წ. გაცემული არაკრიტიკული შეუსაბამობების შესასრულებლად მიეცა გონივრული ვადა."

სურსათის ეროვნულ სააგენტოში On.ge-ს უთხრეს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილ შეუსაბამობებზე კარფურმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და უმოკლედ ვადაში აღმოფხვრა ხარვეზები. სააგენტოს ცნობით, ბიზნეს ოპერატორს საწარმოო პროცესი უკვე აღდგენილი აქვს.

ამასთან, Momxmarebeli.ge წერს, რომ საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 27 ივნისს, კარფურში შეიძინეს ორი პროდუქტი "სანდომი ვაფლი" და "GEO BACKERS პეჩენია". გამოცემის მტკიცებით, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ორივე პროდუქტს, პეჩენიასაც და ვაფლსაც აღენიშნება სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი.

Momxmarebeli.ge ასევე ითხვოდა კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემოწმებას, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან პასუხად მიიღეს, რომ შპს ვასაძის პურის და შპს ჯეო ბეიკერსის, შემოწმების შედეგად, არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული.

On.ge დაუკავშირდა კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალური მიმართვის გარეშე კომენტარს არ გააკეთებენ.