თავისუფალი დემოკრატები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს.

პარტიაში ამბობენ, რომ ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას შეუდგებიან.

"ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და განვაგრძობთ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აუცილებლად ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას თავისუფალი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის ბრძოლაში. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ყველა პრინციპულ, პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას და კანდიდატს", - აღნიშნავენ პარტიაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, წავიდა რამდენიმე ლიდერი და წევრი.

"ჩვენს წინაშე იდგა პარტიის გადარჩენის ამოცანა, რომელსაც არსებითად გავართვით თავი. მაგრამ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვენი პარტიის ძალებს აღემატებოდა და ასეთი რამ მიზნად არც დაგვისახავს", - ამბობენ თავისუფალი დემოკრატები.

მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ შეთავაზება, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, ქართულ ოცნებასთან "რეალური დაპირისპირების" საშუალებას აძლევდათ.

"ამ პროექტის პირველ საფეხურზე გამოვაცხადეთ საარჩევნო ბლოკი რესპუბლიკურ პარტიასთან. სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელება, ჩვენგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო, პირველ საფეხურს ვერ გასცდა", - აცხადებენ პარტიაში.

პარტიებმა გაერთიანებისა და არჩევნებში ერთად მონაწილეობის შესახებ მიმდინარე წლის მაისში ისაუბრეს.