განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს თითო ვაშლს დაურიგებენ. როგორც გამოცემა EDU.aris.ge წერს, ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 11 აგვისტოს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა:

"აღნიშნული პროექტის მიზანია, რომ შემდეგ თავად მშობლებმაც გამოატანონ სახლიდან ბავშვებს ვაშლი, რაც, თავის მხრივ, ისევ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის კეთდება. რეალურად, ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ განვახორციელოთ ეს სურვილი. ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება".

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

"ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა, მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები".