თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, რომელსაც თბილისის მერობა სურს, ამბობს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მას 10 ათასი ხელმოწერის წარსადგენად ცესკომ შვიდდღიანი ვადა მისცა.

როგორც მერობის მსურველი ამბობს, ცესკოს შეეძლო მისთვის ხელმოწერების წარსადგენად ერთთვიანი ვადა მიეცა, თუმცა ყველაზე მცირე პერიოდი - ერთი კვირა გამოყო.

"ეს არის პოლიტიკური დავალება და მითითება, რომ ცაიტნოტში ჩამაგდონ და ვერ მოვახერხო 10 ათსი ხელმოწერის შეგროვება", - ამბობს ელისაშვილი On.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, "ის შეუძლებლებს შეძლებს" და ხელმოწერების საჭირო რაოდენობას მოაგროვებს.

"მე მორატორიუმი გამოვაცხადე მათზე [ხელისუფლებაზე] ხანძრების გამო და არ არის დრო ახლა პოლიტიკური ანგარიშწორებით და კრიტიკით ვიყოთ დაკავებულები და ამ დროს დგანან თვითონ და მაიმუნურ სქემებს იგონებენ. აშკარად მითითებაა ცესკოსთვის, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩამაგდონ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

On.ge-მ სცადა ცესკოს პრესსპიკერთან, ანა მიქელაძესთან დაკავშირება, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.