ინდოეთიდან საქართველოში წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნაწილების ექვსი თვით საქართველოში ჩამოტანა 343 310 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ 23 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ჩამოტანასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 2017 წლის ბიუჯეტიდან 254 310 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტიდან 89 000 ლარი გამოიყოფა.

10 აგვისტოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ დაგეგმილია ქეთევან დედოფლის ნეშთის ნაწილების საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, გამოფენების მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება.

დედოფლის ნეშტის რეგიონებში ტრანსპორტირებას, საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ. უწყების ცნობით, ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს გადაასვენებენ სამების ტაძარში.