ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ატლანტის ოკეანეში ოდესმე დაფიქსირებულა - ასე აფასებენ ქარიშხალ ირმას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართება. ქარიშხალს უკვე მიენიჭა ყველაზე ძლიერი, მეხუთე კატეგორია. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 300 კილომეტრს აღწევს საათში.

ირმა უკვე კარიბის კუნძულებთანაა. "აპოკალიფტურმა ქარიშხალმა", როგორც მას ამერიკული მედია უწოდებს, მიწასთან გაასწორა კუნძულ ანტიგუა და ბარბუდას შენობების 90, ხოლო კუნძულ სენტ მარტინზე - 95 პროცენტი. უახლოეს საათებში ქარიშხალი გადაუვლის პუერტო რიკოს, ვირჯინიის კუნძულებსსა და კუბას, 48 საათში კი ის აშშ-ს ფლორიდის შტატს დაატყდება თავს.

ფლორიდის იმ დასახლებებში, სადაც ირმა გაივლის, სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნული ბრძანება შეეხო მაიამი ბიჩსაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარიშხლის მოლოდინში მაიამის სუპერმარკეტები დაცარიელებულია და გართულებულია წყლის ყიდვაც კი.

ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ ქარიშხალ ირმას აქტივობის პერიოდში სამართლდამცავები არანაირ ზომებს არ მიიღებენ არალეგალების წინააღმდეგ, რათა მათ კრიზისულ სიტუაციაში დამატებითი შიშის გარეშე თავისუფლად შეძლონ მაშველებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების დახმარების მიღება. როგორც ცნობილია, ფლორიდის შტატში განსაკუთრებით მაღალია ლათინური ამერიკიდან ჩამოსული არალეგალი მოსახლეობის წილი.