ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, რომელიც ილია II-ს ეკუთვნის, 2016 წლის აპრილში, ტერორიზმში, ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ძებნილებს მალავდნენ. ამის მტკიცებულებად ტელეკომპნია ილია მეორის დაცვის ყოფილუფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, ოხანაშვილი ჰყვება, რომ აღნიშნული პირები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ და ოფიციალური ანკარის მიერ ინტერპოლით იძებნებოდნენ.

როგორც რუსთავი 2 ოხანაშვილზე დაყრდნობით ამტკიცებს, აღნიშნულ რეზიდენციაში თურქეთის მოქალაქეები პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს.

ამ მომენტში On.ge-ს რუსთავი 2-ის გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ აქვს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე, სკაიპით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი 25 ივლისს დაიკითხა.