საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათ სხდომათა დარბაზი კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს დატოვეს.

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას სულ 115 დეპუტატი ესწრებოდა, მათ სრულად დაუჭირეს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

16 აგვისტოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას დიალოგს სთავაზობდნენ. ხუთი ოპოზიციური პარტია მოითხოვდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო, ასევე, შენარჩუნებულიყო პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი.

ამის შემდეგ, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიასთან შესახვედრად აღარ გაემგზავრებოდა. მათი თქმით, ოპოზიციამ დიალოგი "ჩიხში" შეიყვანა, რის გამოც ქვეყნის გარეთ კონსულტაციებმა აზრი დაკარგა.

19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოც ოპოზიციურ პარტიასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის 26 სექტემბერს მოწვევის თხოვნით მიმართა. პრეზიდენტმა თხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა რიგგარეშე სხდომა 14:01 წუთზე დაიწყო.