სახალხო დამცველის განცხადებით, წინასწარ სამომავლო საფრთხეზე მითითებით სხდომის ყველასთვის დახურვა "დაუშვებელია". ომბუდსმენის თქმით, თუ სხდომაზე დამსწრე პირი კანონს დაარღვევს ამ შემთხვევაში მის მიმართ ზომები ინდივიდუალურად უნდა გატარდეს:

"კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება. სხდომის დახურვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს "სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები".

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, პოლიციელების მიერ შენობაში პარლამენტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების არშეშვება კანონის "უხეში" დარღვევაა.

დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა.

საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ საკრებულოს წევრებსა და მედიას ჰქონდათ. ალიბეგაშვილის თქმით, ამის მიზეზია ოპოზიციის გაცხადებული მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლის შესახებ. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც თბილისის საკრებულოს შენობა ალყაში აქვთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიცია თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად არის განლაგებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ირმა პავლიაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს პარლამენტის დეპუტატების სხდომაზე არ შეშვების უფლება არ ჰქონდა. პავლიაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ თუ სხდომა იხურება, ის უნდა დაიხუროს ყველასთვის.