საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიასთან (სილქ ფაქტორი სტუდიო) 346 098 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებს. ეს თანხა საზოგადოებრივ მაუწყებელში ბერას ყოფილი კომპანიის, ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი წამყვანის, მაკა ცინცაძის სტუდიის განათების 9 თვის ქირაა, რაც თვეში 38 455 ლარია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომსახურების შესაძენად ტენდერი 10 ოქტომბერს გამოაცხადა და მასში მხოლოდ სილქ ფაქტორი სტუდიო მონაწილეობდა.

მაკა ცინცაძის გადაცემის სტუდია

ფოტო: ფოტო გადაცემის დიზაინიდან / შესყიდვების სააგენტო

მაკა ცინცაძის გადაცემის დეკორაციის დასამზადებლად გამოცხადებულ ტენდერს გამარჯვებული უკვე ჰყავს. სტუდიის დამზადება განათების დაქირავებაზე ოთხჯერ იაფი, 82 227 ლარი ჯდება.

ცინცაძის მსგავსად GDS-ზე მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ყოფილი, რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაასაქმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ბერას კომპანიის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია პირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.