სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, თამაზ მეჭიაური იქნება თიანეთის მერი. ამით სააპელაციო სასმართლომ ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

25 სექტემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთი სადავო ბიულეტინის ვარგისად ცნობაზე და შესაბამისად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდება. მეჭიაურის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თამაზ მეჭიაური კონკურენტ ლელა ქიტესაშვილს, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატი იყო, არჩევნებს ერთი ხმით უგებდა, თუმცა, საოლქო კომისიამ გაბათილებული ხუთი ბიულეტენი ვარგისად მიიჩნია. შედეგად, ლელა ქიტესაშვილს 3 081 ხმა მიაკუთვნა, მეჭიაურს კი - 3 077.

თამაზ მეჭიაური მიიჩნევდა, რომ საოლქოს გადაწყვეტილება უკანონო იყო, იგივეს იზიარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი აზრით, საოლქო კომისიას ბათილად ცნობილი ბიულეტენები ვარგისად არ უნდა მიეჩნია და არჩევნებში გამარჯვებულად მეჭიაური უნდა გამოცხადებულიყო.