კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინიციატივის პრეზენტაცია დღეს, 31 ოქტომბერს გაიმართა. რეფორმა დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების შემოსავალს შეეხება, რომელთა ნაწილი ვალდებული იქნება, გარკვეული თანხა საპესიო ფონდში გადარიცხოს.

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა.

კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიების შესახებ არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას არ ითვალისწინებს.

საპენსიო ფონდის დაგროვების წესი

რეფორმის ფარგლებში, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავენ თანხას:

  • 2 პროცენტს - დამსაქმებელი;
  • 2 პროცენტს - დასაქმებული;
  • 2 პროცენტს - სახელმწიფო.

აღნიშნული კონტრიბუცია გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისაგან.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს - ისინი საკუთარი შემოსავლის 4 პროცენტს გადარიცხავენ ფონდში, სახელმწიფო კი, დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს.

ვის შეეხება რეფორმა?

რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება მათთვის ვინც კანონის ამოქმედებისთის 40 წლამდე ასაკის დასაქმებული იქნება, ყველა დანარჩენისთვის, მათ შორის, თვითდასაქმებულებისთვის - ნებაყოფლობითი.

საპენსიო რეფორმა ვრცელდება:

  • საქართველოს მოქალაქეებზე;
  • საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
  • მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

ეკონომიკისა სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილი მაესტროსთან ინტერვიუში განმარტავს, რომ დასაქმებულების კატეგორია ესაა შრომითი კანონმდებლობით დარეგულირებული ურთიერთობა. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ესენი არიან ინდმეწარმეები და არასამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ფიზიკური პირები, რომლებისთვისაც სისტემაში მონაწილეობა იქნება ნებაყოფლობითი.

მისივე თქმით, როდესაც დასაქმებული დაკარგავს სამსახურს და მას არ აქვს შემოსავალი, წყდება კონტრიბუციების განხორციელება და პირველი ხელფასის აღებისთანავე, როდესაც დასაქმება განახლდება, გაგრძელდება კონტიბუციების შეტანა საპენსიო ანგარიშზე.

იმ შემთხვევაში, თუკი პირმა, რომელმაც ფონდში გარკვეული თანხა დააგროვა სიცოცხლის განმავლობაში და საპენსიო ასაკში გარდაიცვალა, მისი დანაზოგი მემკვიდრეს გადაეცემა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

საპენსიო ფონდის პარალელურად შეიქმნება საინვესტიციო ჯგუფი და დაგროვილი თანხის ინვესტიციას განახორციელებენ.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.