On.ge-ს ორმა დამოუკიდებელმა წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ საქართველოში ოთხი სამინისტრო უქმდება. გაუქმებული სამინისტროების ჩამონათვალში მოხვდება:

  • ენერგეტიკის სამინისტრო;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო.

ამავე წყაროს ინფორმაციით, გაუქმებული სამინისტროების ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს სრულად, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებს ნაწილობრივ შეითავსებს. ნაწილობრივ შეითავსებს გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროც. სპორტის სამინისტროს ფუნქციები განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროზე გადანაწილდება, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ. სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათი უწყების გაუქმების შესახებ ბოლო ორი წელია ესმით, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არაფერი იციან. საფუძველს მოკლებულს უწოდებენ ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროში, სასჯელაღსრულების სამინისტროდან კი On.ge პასუხს ელოდება.