სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე სპეცოპერაციას ატარებს.

სუს-ის განცხადებით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან.

"სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია", - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

ადგილზე მობილიზებულია ათეულობით სპეცრაზმელი და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს ორი პირის დაკავება, რომლებსაც ბრალი ედებათ ტერორიზმში. წინასწარი ინფორმაციით ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.