სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ისანში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციისას ერთი პირია დაკავებული, სპეცოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

"რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია და მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუირებულია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

მანვე აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გუშინ, 21 ნოემბერს ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. ისმის სროლისა და აფეთქების ხმა.