ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში გაემგზავრნენ.

ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან.

ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.