თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სექცია "აპოლო - კინოს მეხსიერება" 5 დეკემბერს 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში რობერტ ვინეს ფილმით ექიმ კალიგარის კაბინეტი გიხსნება.

გახსნაზე სიტყვით საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე პაიჩი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი გამოვლენ.

დამსწრე საზოგადოებას საინტერესო საღამო ელის, რადგან 1920 წელს გადაღებული პირველი ექსპრესიონისტული ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის, ჯაზ-ბენდის KÜSPERT & KOLLEGEN თანხლებით ჩაივლის.

რობერტ ვინეს ამ ფილმით მსოფლიომ 1920 წელს პირველად ნახა ექსპრესიონიზმი დიდ ეკრანზე. ექსპრესიული მაკიაჟი, გამოკვეთილი, წვეტიანი ფორმები და დამახინჯებული სამყარო - ასეთია ექიმ კალიგარის კაბინეტის ვიზუალური სამყარო.

6 დეკემბერს კი, კინოთეატრ ამირანში 21:00-ზე გაიმართება სექციის კიდევ ერთ საინტერესო ნამუშევრის, ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუს ფილმის ნოსფერატუს ჩვენება. ეს ფილმი, მურნაუს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარია, რომელიც რეჟისორმა 1922 წელს, ბრემ სტოკერის დრაკულას მიხედვით გადაიღო. ეს სეანსიც ჯაზ-ბენდის მუსიკალური გაფორმებით ჩაივლის.