ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მათი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო ხვალ, 6 ნოემბერს საქართველოში ღირსების მანიფესტაციას იწყებს. მანიფესტაციის გამართვის შესახებ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის [ბიძინა] ივანიშვილისა და [პეტრო] პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის", - განაცხადა მელიამ და მხარდამჭერებს ხვალ, 6 ნოემბერს, 14 საათზე, რუსთაველის მეტროსთან გამოსვლისკენ მოუწოდა.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით სამი საათის წინ დააკავეს. დილიდან გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.