ზემო იმერეთში, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ქორწინების პოპულარიზაციისთვის ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და ქართული ბრენდი - მარიგოლდი იყვნენ.

ქორწინების პოპულარიზაციისთვის ჭიათურაში კაბებით გამოსვლის იდეა ქართული ბრენდს - მარიგოლდს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ნადირაძემ და ბიზნესმენმა ნანა ნოზაძემ, ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგოები, რომლებიც მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტენ, კაბები საჩუქრად გადაეცემათ.

ფოტო: თამარ ჩიბურდანიძე / Faceboo

მარიგოლდის ხელმძღვანელს, თამარ ნადირაძეს მიაჩნია, რომ ქორწინების გარეშე დემოგრაფილი მდგომარეობა ვერ შეიცვლება და სწორედ ქორწინების პოპულარიზაციას ემსახურებოდა აღნიშნული აქცია.

"ბავშვი არ დაიბადება ოჯახი თუ არ შეიქმნა... ისეც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ოჯახის შექმნის გარეშე ერთი შვილი ჩვენ არაფერს გვიზამს".

მისი თქმით, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ხშირად მართავენ და მასში, როგორც წესი, ერთი ჩოხოსანიც მონაწილეობს ხოლმე.

"ახლაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა რაღაც არ მოხდა", - ამბობს ნადირაძე.

მუნიციპალიტეტიდან ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინა ასანიძე იყო ჩართული. მან On.ge-ს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მოგვწერა, რომ საუბარს ვერ ახერხებს.