თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც ლიბერალი წერს, მოსამართლემ რატიანს შემდეგი სიტყვები უთხრა: "ახალი წელია, თორემ დაგაპატიმრებდი".

"სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებისა და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ზვიად რატიანის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი," - ვკითხულობთ სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.

რატიანი რამდენიმე დღის წინ ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.