აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, კუბაში ჩავიდა. იგი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ჰავანას ეწვია.

BBC-ის ცნობით, კუბის დედაქალაქში ახლადგახსნილ აშშ-ის საელჩოში საუბრისას, პრეზიდენტმა თავის ვიზიტს "ისტორიული" უწოდა:

"ეს არის ისტორიული ვიზიტი და ისტორიული შესაძლებლობა კუბელებთან თანამშრომლობისთვის, ახალი შეთანხმებებისა და კომერციული გარიგებებისთვის, ასევე ჩვენ შორის ახალი კავშირების დამყარებისთვის".

ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს. ბარაკ ობამამ დედაქალაქის ძველ უბანშიც გაისეირნა და ადგილობრივებს პირადად შეხვდა.

გასული წლის აგვისტოში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ, დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰავანაში აშშ-ის საელჩო გახსნა. ამერიკამ და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, ღონისძიებების გატარება 2014 წლის ბოლოს დაიწყეს.