მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

"სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია გიორგი გ.-ს [გიორგანაშვილის] მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება და ის გარემოება, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ იყო, მის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სხვა პირისთვის და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი", - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსახიობები, რომლებიც გიორგანაშვილს მხარს უჭერდნენ ამბობდნენ, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება მსახიობს არ ეკუთვნოდა და მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ. თავად გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებდა და საპროცესო შეთანხმებასაც არ თანხმდებოდა.