რგოროც BBG Watch წერს, ვაშინგტონსა და თბილისში მრავალ წყაროზე დაყრდნობით გაიგეს, რომ რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას მოითხოვს.

BBG Watch ამერიკული გამოცემაა. ჟურნალისტები მოხალისეობრივად წერენ სტატიებს ამერიკელი გადასახადის გადამახდელთა მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებზე, მათ შორის, ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებაზე.

გამოცემის თქმით, ქართული ბიურო კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს გაერთიანებას, რადგან, მათი აზრით, ამით რადიო თავისუფლების მიმართ ნდობა გაქრება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსთავი 2 ექს-პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ მყოფ ტელეკომპანიად ასოცირდება.

"წყაროებმა გვითხრეს, რომ ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან და სხვა ლოკალურ მედიასთან გაერთიანების უკან რადიო თავისუფლების ვიცე-პრეზიდენტი და პროგრამირების დირექტორი ნენად პეჟიკი დგას", - წერ BBG Watch.

სტატიის ავტორი რადიო თავისუფლების დირექტორს თომას კენტსა და მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს დირექტორ ლანსენს სუსტი მმართველობისთვის აკრიტიკებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ პრაღაში, სათაო ოფისში არსებული მდგომარეობა 2012 წლის კრიზისი გაგრძელებაა, როდესაც რადიო თავისუფლების რუსულენოვან ბიუროში დაიწყო მასობრივი დათხოვნები.

როგორც სტატიაში წერია, ქართული ბიუროს თანამშრომლები დირექტორ დავით კაკაბაძეს უჭერენ მხარს. მათივე თქმით, ქართული ბიუროს ჟუნრლისტებმა მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს (BBG) ხელმძღვანელს ჯონს ლენსინსა და მის მოადგილეს ჯეფ ტრიმბლს მიწერეს. წერილში ისინი ამბობენ, რომ წელზე მეტია რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მხრიდან იზრდება ზეწოლისა და უსამართლოდ მოპყრობის ფაქტები:

"ცუდი მენეჯმენტისა და სათაო ოფისის მხრიდან არადამაკმაყოფილებელ მმართველობაზეა საუბარი რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს თანამშრომლების წერილში. ჟურნალისტები ჩიოდნენ, რომ ღია და კოლეგიალური განხილვების ნაცვლად, ისინი არიან გაუმჭვირვალე კრიტიკის მსხვერპლი ხელმძღვანელობის მხრიდან, რაც ეყრდნობა ქართველი ანონიმური "ექსპერტების" მოსაზრებებს, რომელთა ვინაობაც რადიო თავისუფლების ქართული ბიურიოს თანამშრომლებისთვის უცნობია".

სტატიაში ნათქვამია, რომ მსგავსი ტიპის ხელმძღვანელობა კომუნისტური იუგოსლავიის ან საბჭოთა კავშირის მედიასაშუალებისთვის არის დამახასიათებელი და არა ხალხის მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფლებისთვის.

BBG Watch-ის თქმით, მტკიცე სამხილები არსებობს, რომ სათაო ოფისი უკმაყოფილოა იმით, რომ ქართულ ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობა არ სურს და დავით კაკაბაძის დათხოვნას ცდილობს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართული ბიუროს ჟურნალისტები ხვდებიან, რომ ტელეკომპანიასთან პარტნიორობა პირდაპირ მისცემდათ წვდომას დიდ აუდიტორიასთან, თუმცა მათთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია:

"ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება დიდი როლს ასრულებს პოლარიზების შექმნაში, ხოლო აშშ-ის გადამხდელების მიერ შექმნილი მედიასაშუალება ასეთ მიკერძოებულ მედიასაშუალებებს არ უნდა დაუკავშირდეს".

On.ge ცდილობს დაუკავშირდეს რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროს, რათა გაარკვიოს სათაო ოფისის მხრიდან არსებობდა თუ არა ზეწოლა.