სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტი ჯეოსელს ყიდულობს. ამის შესახებ განცხადებას სილქნეტი ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ჯეოსელი 153 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. სილქნეტში ამბობენ, რომ დაფინანსება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხითა და საკუთარი კაპიტალით მოხდა.

"სილქნეტისა და ჯეოსელის გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, სილქნეტის ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით", - აცხადებენ სილქნეტში.

იმისთვის რომ სილქნეტმა ჯეოსელი იყიდოს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თანხმობა სჭირდება. კომისიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიებისგან მსგავსი შინაარსის წერილი არ შესულა. ჯეოსელის მფლობელის ცვლილების შესახებ ინფორმაცია არც საჯარო რეესტრშია ასახული.

თელიასონერას წარმომადგენელმა, რალფ ბაგნერმა On.ge-ს დაუდასტურა წილების გასხვისების შესახებ გარიგება და უთხრა, რომ კომპანიამ ევრაზიის რეგიონის დატოვება 2015 წელს გადაწყვიტა.

"ჯეოსელი ეფექტურად მართვადი კომპანიაა და მოხარულები ვართ რომ მას ეყოლება ახალი, ადგილობრივი მფლობელი", - ამბობს თელიასონერას წარმომადგენელი.

ჯეოსელი საქართველოში პირველი GSM ოპერატორია. ის 1996 წლის სექტემბერში დაარსდა. კომპანიის აბონენტებს ქსელის გამოყენება 1997 წლის მარტიდან შეუძლიათ.

სააქციო საზოგადოება სილქნეტი, სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.