კოლუმბიის ფედერალურმა სასამართლომ რუსული კომპანია ინტერნეტ კვლევების სააგენტო, ე.წ. ტროლების ფაბრიკა, 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, წერს BBC.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიამ ამერიკის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.

განცხადებაში, ასევე, რუსეთის 13 მოქალაქის სახელი და გვარია ჩამოთვლილი, რომელიც კიბერშეტევაში დაადანშაულეს. მათ შორის არის რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ე.წ. ტროლების ფაბრიკას აფინანსებდა. დოკუმენტში ნახსენებია ბიზნესმენის ორი კომპანია Concord Management andConsulting და Concord Catering, რომლებიც ასევე აფინანსებდნენ ორგანიზაციას.

"ისინი იყენებდნენ ოპერაციებს ძირითადად იმისათვის, რომ გაევრცელებინათ შეურაცხმყოფელი ინფორმაცია ჰილარი კლინტონის შესახებ, ასევე, ისეთი კანდიდატების შესახებ, როგორებიც არიან ტედ კრუზი და მარკო რუბიო. ხოლო მხარი დაეჭირათ ბერნი სანდერსისთვის და იმამინდელი კანდიდატისთვის, დონალდ ტრამპისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე თვეებია იძიებს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურები ასკვნიან, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული იმ მიზნით, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპს მისი დემოკრატი მეტოქე, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაემარცხებინა.

ამასთან, რობერტ მიულერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, სწორედ იმ მოკვლევას ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც ამ შესაძლო გავლენის გამოაშკარავება და მტკიცებულებების გამოვლენაა. ამასთან, უნდა დადგინდეს სამართლიანი იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ჯეიმს კომი, რომელიც მანამდე რუსეთთან დაკავშირებულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.

ტრამპმა არაერთხელ უარყო ნებისმიერი ტიპის კავშირი რუსეთთან, მაგრამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ "რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე" მაშინ, როდესაც კომის გათავისუფლება გადაწყვიტა. კომის გათავისუფლების მომდევნო დღეს მან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორ რუს მაღალჩინოსანთან დაიტრაბახა, რომ კომი გაათავისუფლა და მას "შეშლილი" უწოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, რობერტ მიუ ლერი დამოუკიდებელი გამოძიების ხელმძღვანელად დასახელდა, რომელმაც სწორედ ამ კითხვებზე უნდა მონახოს პასუხები.