წინა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიერ 2016 წელს 105 ათას ლარად შეძენილი MERCEDES-BENZ GLA, თითქმის ნახევარ ფასად, 61 200 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მიაწოდა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მანქანის შემოწმების დროს მიიჩნია, რომ მისი საბაზრო ღირებულება 60 ათასი ლარი იყო. სწორედ ეს თანხა იყო ელექტრონულ აუქციონზე მანქანის გაყიდვის საწყისი ღირებულება.

მანქანის გაყიდვით მიღებული თანხა ბიუჯეტში გადაირიცხა.

მოქმედმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წინამორბედის მიერ შეძენილი ავტომობილის გაყიდვის შესახებ 2017 წლის 27 დეკემბერს ისაუბრა. ის ამბობდა, რომ მსგავსი მოდელის მანქანის საჭიროება სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს და "გაუმართლებლად აზარალებს ბიუჯეტს".

სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილი 2016 წელს იყიდა. მაშინ სახალხო დამცველი ახალი ავტომობილის შეძენას საჭიროებით ხსნიდა.