სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ გორგაძე დააკავეს.

უწყების განცხადებით, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა $7 000.

ასევე განმარტებულია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, თემურ გორგაძემ ნათესავს წინასწარ გამოართვა თანხის ნახევარი - $3 500, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით.