ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ქართული ოცნების PR-სა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელები და პოსტ ტვ-ის დამფუძნებელი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე საუბრობდნენ. ევროპული საქართველოს წევრმა, თამარ კაკაბაძემ 26 იანვარს შეხვედრის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კაკაბაძის თქმით, მან ფოტოების გადაღება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა რაც ზემოხსენებული ადამიანების საუბრის შინაარსი შემთხვევით მოისმინა:

"საუბარი იყო ხელფასზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგი იქნება ქართული ოცნების ერთი დაჯგუფება - კალაძის ფრთა, ისინი საკუთარ თავს განიხილავდნენ, როგორც მეორე ფრთა. საუბრობდნენ, თვითონ ბორდში ვინ შეიძლება ყოფილიყო წინააღმდეგი, ვინ - მომხრე. მაღლაფერიძე პირდაპირ იძახდა, რომ შათირა არის მათი გუნდის წევრი. ბექაური ასევე ჩართული იყო ამ საუბრებში - ის უფრო განიხილავდა, ბორდის წევრებიდან ვინ შეიძლება ყოფილიყო მომხრე, შანსებზე საუბრობდა. ბიგვავა იყო ჩუმად, ხოლო ნაცვლიშვილი კალაძის დაჯგუფებაზე საუბრობდა."

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური შათირიშვილის კანდიდატურაზე საუბარს უარყოფენ. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილემ და პოსტ ტვ-ის დამფუძნებელმა ლაშა ნაცვლიშვილმა კი რუსთავი 2-ს უთხრა, რომ "ყველა ადგილი, რაც კი საზოგადოებაში არსებობს, სადაც ზაზა იქნება ასარჩევი, ყველაფერს ვემხრობი და მხარს დავუჭერ".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა სია ცნობილი 4 მარტს გახდა. ერთ-ერთი მსურველი სწორედ ზაზა შათირიშვილია.

ზაზა შათირიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთხელ უკვე მუშაობდა და გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიცია ეკავა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შათირიშვილი კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს კაპანიის დაგეგმვაში ეხმარებოდა და ამ პერიოდში ის მაუწყებლიდან წამოვიდა.