რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას მხრიდან რუსეთის მოსახლეობისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოწოდებას ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ინსტაგრამზე თოფურიამ კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ არ იზიარებს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს:

"ხალხნო იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა, მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც, ანუ მე სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და ცადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რომ ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა [და არა პუტინი], რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბლიად".

ამის შემდეგ, ქეთა თოფურიამ დასძინა, რომ ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მოგვიანებით კი პოსტს კომენტარების დატოვების ფუნქცია გამოურთო.

გუშინ, საკუთარ ინსტაგრამზე თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოსახლეობას ასწავლის, როგორ მისცენ ხმა დისტანციურად, იმ შემთხვევაში თუკი საარჩევნო უბნაზე მისვლას ვერ ახერხებენ. მან მოუწოდა მოსახლეობას ისარგებლონ ამ აპლიკაციით.

ქეთა თოფურია გამოირჩევა რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერით. 2010 წელს საბჭოთა კავშრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა "ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება" შეასრულა.

2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა.