On.ge მოგიყვებათ იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეიტანეს და ქალთა უფლებები წინა პლაზე წამოწიეს. ეს ქალები მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ექიმები, იურისტები, პოეტები, მსახიობები და პუბლიცისტები არიან.

მათ ცხოვრებაზე მედიის განვითარების ფონდმა, პროექტის ფარგლებში გამოსცა წიგნი "ქალები წარსულიდან". ჩვენ რამდენიმე მათგანის ისტორიას გთავაზობთ.

ბაბო ავალიშვილი-ხერხეულიძე - მსახიობი

ფოტო: MDF

ბაბო ავალიშვილი 1851 წელს დაიბადა. ის თბილისის განახლებულ თეატრში (1879) ტრაგიკული და დრამატული როლების პირველი შემსრულებელი ქალი იყო. ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას და ქართველ ქალთა ამხანაგობის საზედამხედველო კომიტეტის ხელმძღვანეობდა.

აზიანი-ნატალია დონდაროვა - დრამატურგი

ფოტო: MDF

ნატალია აზიანი (დონდაროვა) 1878 წლის 4 იანვარს ქალაქ გორში დაიბადა. პირველი პიესა სახელწოდებით "ინჯილერი ან დოხტური" 1897 წელს დაწერა. ნაწარმოებმა ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა და დრამატულ საზოგადოებას გადაეცა. პიესა სცენაზე 1898 წელს დაიდგა. ნატალია აზიანი ასევე ავტორია პიესების: "ფული და ხარისხი", "გაცრუებული იმედები", "ხან ისე და ხან ასე", "ვაი კალმისაგან", "პოლიტიკური დურაჩკა", "სამშობლოს ბურჯნი", "ცოდვა" და "დეზერტიკა".

ანასტასია მაჩაბელი - საზოგადო მოღვაწე

ფოტო: MDF

ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი (მაჩაბელი) 1869 წელს დაიბადა. ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. ანასტასია მაჩაბელს თეატრი უყვარდა მის განვითარებას ხელს უწყობდა.

თეკლე ბატონიშვილი - პოეტი

თეკლე ბატონიშვილი ქართველი პოეტია. ის ერეკლე მეორეს შვილი იყო. დაქორწინდა ვახტანგ ორბელიანზე. ჰყავდა ორი შვილი ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანები. ისინიც დედის მსგავსად პოეტები იყვნენ. თეკლე ბატონიშვილი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ქალაქ კალუგაში გადაასახლეს.

ოლღა გურამიშვილი - საზოგადო მოღვაწე

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ოლღა გურამიშვილი ილია ჭავჭავაძის მეუღლე იყო. ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრი იყო. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში. 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას თავმჯდომარეობდა. ხელმძღვანელობდა ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სკოლას, დახმარებას უწევდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას. 1908 წელს, საგურამოს ილიასეულ სახლში სკოლა გაიხსნა.

ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე - მწერალი

ბარბარე ერისთავი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქალთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე საჯაროდ ალაპარაკდა. ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია 1893 წელს "კვალში" გამოქვეყნებული მისი წერილი "ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ".

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი

ანასტასია თუმანიშვილი ევროპული განათლების სისტემას შვეიცარიასა და საფრანგეთში სწავლის დროს გაეცნო. მან თარგმნა არაერთი პუბლიკაცია, რომელიც ბავშვთა აღზრდის, პედაგოგიკისა და ბიბლიოთეკების საკითხებს უკავშირდებოდა. 1872 წელს ანასტასია თუმანიშვილის ორგანიზატორობით ქალთა წრე დაარსდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებას. 1908 წელს შემქნა საზოგადოება "განათლება", რომლის სკოლამ პირველად ქართულ ენაზე სწავლების სისტემაზე სრულად გადასვლა შეძლო.

მარო მაყაშვილი - სტუდენტი

ფოტო: ვიკიპედია

მარო მაყაშვილი პოეტ კოტე მაყაშვილისა და ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის შვილის - თამარის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს, როდესაც თბილისს რუსეთის მე-11 არმია მოადგა და ქართველი ახალგაზრდები კოჯორ-ტაბახმელასკენ საბჭოთა ჯართან დასაპირისპირებლად წავიდნენ, 19 წლის სტუდენტი მარიამი წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ორ დღეში ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. ქართველ იუნკერებთან ერთად, მარო მაყაშვილი თბილისში, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამჟამინდელი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

კატო მიქელაძე - ჟურნალისტი

კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და 1916 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი ლიდერობით, 1917-1918 წლებში რეგიონალური ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "ხმა ქართველი ქალისა".

ბარბარე ყიფიანი - ფსიქო-ფიზიოლოგი

ბარბარე ყიფიანი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილია. ის პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე ოქროს მედლის პრემიები აქვს მიღებული.

სტატია მომზადებულია მედიის განვითარების ფონდის პროექტის მიხედვით. ისტორიების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.