თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, C.T.Park-თან ხელშეკრულების შეწეყვეტის გამო, მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება:

"საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, როცა ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს, რაც ჩვენ შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, შელახა მოქალაქეების უფლებები, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტაზე".

ხმალაძის განცხადებით, კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას შეეხება:

"ეს ეხება შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას. 30%-ზე მეტი საპარკინგე სისტემების არ არის მოწესრიგებელი".

ვიცე-მერი განმარტავს, რომ მერიამ კომპანიას იმაზე მეტი ვადა მისცა შეცდომების გამოსწორებისთვის, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ და ამასთან არანაირი შეხება არ აქვს ხელშეკრულების შეწყვეტას: "იმ შემთხვევაში თუ უკანონოდ არაა დაკისრებული, რასაც სამწუხაროდ ჰქონდა ადგილი და მივედით ამ შედეგამდე".

მისივე თქმით, პარკირების საფასურის მოკრება გაგრძელდება, ისევე როგორც დაჯარიმების პროცესი, 10 აპრილიდან ამას გააკეთებს თბილისის მერია.

ვიცე-მერი აცხადებს, რომ მერია მზადაა ითანამშრომლოს იმ ადამიანებთან, ვინც ამ სფეროში იყო დასაქმებული.

დღეს, 13 მარტს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხელშეკრულება.

თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს კომპანია, შპს სი-ტი პარკი 2007 წლიდან არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.