ქალთა მოძრაობა საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართავს, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი.

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ მიუხედავად დევდარიანის საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, ის მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ ომბუდსმენს, გამოითხოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ.

ქალთა მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ მათ ეჭვიც არ შეაქვთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც მათივე განცხადებით, ამტკიცებენ, რომ დევდარიანი სექსუალური ხასიათის წერილებს მათ ინტენსიურად წერდა: "ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება".

16 მარტს, ომბუდსმენმა ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა. ქალთა მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და სამოქალაქო აქტივისტია. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა.

მოძრაობის განცხადებით, დევდარიანის "ორმაგი სტანდარტები" და "კარგად შენიღბული სახე" იმის მიზეზია, რომ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ.

ზვიად დევდარიანი წლების მანძილზე იყო ქალთა მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი. ის ესწრებოდა მათ მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას, ღიად და საჯაროდ უჭერდა მხარს ქალთა უფლებებს.

"ქალთა მოძრაობა სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზვიად დევდარიანთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი.
ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ", - ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.

On.ge-მ რამდენჯერმე სცადა ზვიად დევდარიანთან დაკავშირება, თუმცა მან ზარებას არ უპასუხა. მის პასუხს ბრალდებაზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

On.ge ასევე პასუხს ელოდება სახალხო დამცველის აპარატისგან.