საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია On.ge-ზე მის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო ზეპირ კომენტარზე უარს ამბობს. ამის შესახებ On.ge-ს კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის უფროსმა, ლანა ბერიძემ უთხრა.

ბერიძემ "მოყვითალო თემა" და არაჟურნალისტური პროდუქტი უწოდა იმ მასალას, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში ქალი თანამშრომლების შესაძლო გენდერული დისკრიმინაციით შერჩევას შეეხებოდა.

როგორც პრესსამსახურის უფროსი ამბობს, კომისიიდან On.ge-ს კომენტარის მიღება მხოლოდ სამუშაო საათებში და მხოლოდ წერილობითი ფორმით შეეძლება.

"ბუნებრივია, ვრჩებით თანამშრომლობის რეჟიმში და მოგვმართეთ ოფიციალური წერილით", - განმარტავს თანამშრომლობის ფორმას პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

On.ge-მ 14 მარტს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ მასალა მოამზადა. მასალას თან ერთვოდა ფოტო ფეისბუქჯგუფიდან, სადაც კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, თამარ პოპიაშვილის კომენტარები იყო ასახული. პოპიაშვილი წერდა, რომ ეძებდნენ 40 წლამდე ქალს, რომლის მოვალეობაში ყავის მოდუღებაც შედიოდა.

On.ge მაშინ დაუკავშირდა კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელსაც და თავად თამარ პოპიაშვილსაც. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ საკითხი არასერიოზული იყო და კითხვებს პასუხები არ გასცა. საუბარი არ ისურვა პოპიაშვილმაც.

მაშინ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ამბობდა, რომ საკითხს შეისწვალიდნენ.