ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წევრია ქართულმა ოცნებამ და თანაგუნდელებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით ჩაჩანიძე 19 ხმით, 2-ის წინააღმდეგ გადააყენეს. საკრებულოს სხდომას 28-დან 21 დეპუტატი ესწრებოდა.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

საკრებულოს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ალიანსის წევრები გარიგებაში და პარტიის მხრიდან ზეწოლაში დაადანაშაულეს და პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრენ.

საკრებულოს პატრიოტთა ალიანსის წევრი ირაკლი კვირკველია ამბობს, რომ გარიგება არ შემდგარა და ეს ინიციატივა პატრიოტთა ალიანსიდან წამოვიდა. მისი თქმით, ამის მიზეზი იყო ის რომ თავმჯდომარე აფერხებდა ბორჯომის განვითარებას.

საკრებულოს პატრიოტთა ალიანსის წევრი ტატა მარტინენკო კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის ზეწოლის ქვეშ არ მიუღიათ. პარტიის ლიდერებმა მათ მხოლოდ რეკომენდაცია მისცეს - "იმისთვის, რომ გადაგვედგა სწორი პოლიტიკური ნაბიჯები".

ბორჯომის საკრებულო საქართველოში ერთადერთია, სადაც მმართველი პარტია ქართული ოცნება უმცირესობაშია.