იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სექსუალურ შევიწროებაში მხილებულმა პაპუნა უგრეხელიძემ მას ექსპერტიზის დასკვნები ანახა, რომლებიც ადასტურებს, რომ მსხვერპლისთვის გაგზავნილი შეურაცხმყოფელი მესიჯები უგრეხელიძეს არ ეკუთვნის. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად კი, უგრეხელიძემ შეტყობინებების გაგზავნა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.

წულუკიანის თქმით, ქალმა, რომელმაც უგრეხილძე ამხილა, მოიტყუა, როცა თქვა, რომ მინისტრი საკმის კურსში იყო:

"ძალიან სამარცხვვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით. ჩვენ, ქალებს, გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას – ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი."

დაზარალებული ამბობს, რომ 2017 წელს ომბუდსმენის დასკვნის მომზადების შემდეგ მან დოკუმენტი იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა ამ ნაბიჯსაც რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ინფორმაციით, მინისტრმა დისკრიმინაცია უმნიშვნელოდ ჩათვალა.

"დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს, აღარასოდეს არც ერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ, ქალებს გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში", - თქვა თეა წულუკიანმა.

საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ 24 მარტს დაადანაშაულეს. უგრეხელიძე ბრალდებას უარყოფს, თუმცა დაკავებული პოსტიდან გადადგა.