უმსხვილესი რუსული მედია ჰოლდინგი, რუსული სახელმწიფო კომპანია, გაზპრომ-მედია საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლდინგში შემავალი НТВ-плюс თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გაზპრომ-მედია საქართველოში NTV-PLUS-ის ბრენდით იმაუწყებლებს.

გაზპრომ-მედიას ადგილობრივი პარტნიორი კომპანია მედია ჯგუფი იქნება. სწორედ ეს კომპანია იქნება დაკავებული პროდუქციის მარკეტინგული, ტექნიკური მხარდაჭერით. კომპანიის 50-პროცენტიან წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.

კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, გამოეხმაურა НТВ-плюс-ის გენერალური დირექტორი, მიხეილ დიომინი.

"გეოგრაფიული ექსპანსია, ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებში შედის. საქართველო, თავისთავად, პერსპექტიული ბაზარია, თუმცა ჩვენ საქართველოში მაუწყებლობის დაწყებას არ განვიხილავთ მხოლოდ ბიზნეს საქმიანობად. უამრავი ასპექტით, საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ჩვენთვის სოციალურ მისიას წარმოადგენს. ჩვენ, ასევე, არ გამოვრიცხავთ მომავალში დსთ-ს ქვეყნებში შესვლას", - ამბობს ის.

გაზპრომ-მედიას ქართული პარტნიორის კომპანია მედია ჯგუფის გენერალური დირექტორი დავით ნაკაშიძე НТВ-плюс-სთან ამბობს:

"НТВ-плюс ძლიერი და ცნობილი ბრენდია, კომპანია ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის. დღეს საქართველოში, რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მზარდი მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება ბევრ ქართველ მაყურებელს დააინტერესებს."

რუსული მედია გიგანტი, თავიდან ქართველ მაყურებლებს არხების ორ პაკეტს შესთავაზებს. შედარებით მცირე პაკეტში, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს, რუსული და უცხოური წარმოების 50-მდე სატელევიზიო არხი შევა. კომპანია ქართულ ბაზარს ასევე წარუდგენს შედარებით ფართო სატელევიზიო პაკეტს, რომელიც 90-ზე მეტ არხს მოიცავს.

იმ სატელევიზიო პაკეტებში, რომელსაც მედია ჰოლდინგი ქართველ მაყურებლებს შესთავაზებს შედის 20-ზე მეტი უშუალოდ გაზპრომ-მედიას მიერ შექმნილი პროდუქტი. კომპანიის მიერ შეთავაზებული სატელევიზიო არხებიდან: 12 - საინფორმაციო, 14 - შემეცნებითი, 22 - გასართობი, 27 - კინოსა და ხუთ-ხუთი საბავშვო, სპორტული და მუსიკალური არხი იქნება.

დღეს, 10 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ "ჰიბრიდული ომის" ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.

On.ge კომუნიკაციების კომიიისგან ელოდება პასუხს გავლილი აქვს თუ არა გაზპრომ მედიას ავტორიზაცია.