თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევაზე საუბრისას თქვა, რომ ყოფილი რესპუბლიკის მოედანი, რომელსაც დღეს ჰქვია ვარდების რევოლუციის მოედანი, იგივე ნაციონალური მოძრაობის მოედანია. მიუხედავად ამისა, ის იქვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხს "აბსოლუტურად" არ განიხილავს და რომ ეს მათთვის მიუღებელია:

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოედანია. რამდენი მოედანი გვაქვს ჩვენ ხო, თავისუფლების მოედანი, გმირთა მოედანი, გვქონდა 26 მაისის მოედანი, რომელიც გაყიდეს მათ".

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების ინიციატივას დღეს თბილისის მერმაც დაუჭირა მხარი. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის 2 მაისის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.