თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივიების ქართული ბრენდი აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ამოსაღებად ერთიკვირიანი ვადა მისცა.

კომპანიის მფლობელი, ანანია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი.

სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე.

"განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი (საჩვენებელი და შუათითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი. პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს", - ვკითხულობთ ქართული იდეის მიერ თბილისის მერიისთვის მიწერილ წერილში.

თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივ აიისას არასათანადო და არაეთიკური რეკლამა აქვს. აიისას მფლობელის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს.

თბილისის მერიამ სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლით გამოწერა. ამ მუხლით ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება.

კომპანია აიისა აქამდეც, არაერთხელ, გახდა მართლმადიდებელი მრევლის კრიტიკის ობიექტი. საქართველოს საპატრიარქომ აიისას პრეზერვატივის შეფუთვას "უზნეო თავგასულობა" უწოდა. სასულიერო მესინარიის სტუდენტებმა კი აღნიშნეს, რომ აიისას შეფუთვა ისტორიული და ეროვნული ღირებულებების დაცივნაა და კომპანიის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

ამავე თემაზე: