შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 5 მაისს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული პირი. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შსს-ს ცნობით, დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით.

უწყება განმარტავს, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის, განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი.

ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს თათრი ხმაურის მოძრაობამ გაავრცელა განცხადება. თეთრი ხმაური აცხადებს, რომ შავ ბაზარზე შემოსულია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. მოძრაობა ეჭვობს, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად.