თეთრი ხმაურის მოძრაობა პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს შემდეგი მოთხოვნებით:

  • დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა;
  • გადადგეს შს მინისტრი;
  • დაისაჯოს 12 მაისის "შავი პარასკევის" ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
  • "მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს".

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებმა 12 მაისს, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მოვლენები ძალიან ახლოს იდგა წინა ხელისუფლების პერიოდის გამოცდილებასთან:

"გუშინდელი დღე იყო დადასტურება, რომ საქმე გვაქვს წინასწარ მომზადებულ შეთქმულებასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ მათ მოწამლეს ადამიანები და გაიმეტეს სასიკვდილოდ. გაიმეტეს იმისთვის, რომ მათ მოემზადებინათ ნიადაგი გუშინდელი, 12 მაისის შავი პარასკევისთვის. საზოგადოებრივი ჯგუფები ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რომ ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობას, საზოგადოებას, ხალხს და არა სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს".

12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. შსს-ს განმარტებით, მათ კლუბის ტერიტორიაზე რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაპირისპირება იყო პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კლუბ ბასიანთან და პარლამენტის წინ. არაოფიციალური ინფორმაცით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ათეულობით ადამიანი. შსს-ს თქმით, ყველა მათგანი უკვე გათავისუფლებულია.