კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე პირველად, ჟიურის წევრებს შორის, ერთ-ერთი ქართველი იქნება.

Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი, გიორგი ავალიანი, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ისტორიაში პირველია, ვინც ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების ნამუშევრებს შეაფასებს ქვეკატეგორიაში – Brand Experience & Activation, რაც ბრენდებსა და აუდიტორიას შორის კავშირების დამყარებას გულისხმობს. იდეისა და სტრატეგიის გარდა, ყურადღება ექცევა აღსრულების ხარისხა და კონკრეტულ კომერციულ შედეგებს.

ჟიურის წევრებს კანის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი არჩევს. კრიტერიუმებია საერთაშორისო ჯილდოების რაოდენობა კარიერის განმავლობაში და პერსონალური აქტივობები.

"უზომო პატივი და პასუხისმგებლობაა კანის მსაჯულის მანტიის მორგება. კანის ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე ვრცელი ასპარეზია, სადაც მთელი მსოფლიოს საუკეთესო იდეები ერკინებიან ერთმანეთს. გულწრფელად მიხარია, რომ ქვეყნის პირველი ემისარი ჟიურის შემადგენლობაში მე ვიქნები", - ამბობს გიორგი ავალიანი.

მისი თქმით, ქართული შემოქმედებითი პოტენციალი მართლაც უსაზღვროა და სარეკლამო ინდუსტრიაში ამჟამად უამრავი გამჭრიახი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანი ტრიალებს. მძაფრი კონკურენცია კი ბრენდების ენის მრავალფეროვნებაზეც აისახება.

გიორგი კანის ჟიურიში ორიგინალური ფორმით წარსდგება და ვარდისფერ ჩოხას ჩაიცვამს.