საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას განცხადებას უპასუხა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობას უკავშირდებოდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს თემა მნიშვნელოვანია და მის წარსულს ემოციურად უკავშირდება.

"ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემ კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ მხარესთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ დღეს, 13 ივლისს პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენისას, ანტიდასავლური განცხადებით მიმართა პრემიერ მამუკა ბახტაძეს და თქვა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს.

მარშანია ფიქრობს, რომ ამის მიღწევა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებითაა შესაძლებელი და არა ნატოში ინტეგრაციაზე "ოცნებით".