დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს. შესაბამისი გადაწტყვეტილება პარტიის სამდივნომ მიიღო. ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზი გახდა მისი არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

"ქართული ოცნებისთვის შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გადაწყვეტილებას ხელს აწერს ქართული ოცნების სამდივნოს ხუთივე წევრი:

  • კახა კალაძე, გენერალური მდივანი;
  • ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი;
  • გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი;
  • თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი;
  • დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

დღეს, 18 ივლისს ქართული ოცნების უკვე ყოფილმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ კობახიძე და მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი "ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე კომპრომისზე წავიდნენ".

"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ", - თქვა ჭიჭინაძემ.

16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქებისას კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამ თემის შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უნდოდა შრომის უსაფრთხოების გამკაცრება, თუმცა წინა მთავრობის ხისტმა პოზიციებმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

ჭიჭინაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.

დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარე აქამდეც გაუკრიტიკებია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ დეპუტატებს, რომლებიც ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად ლაპარაკობენ, თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით წინაპირობებს წაუყენებენ. მაშინ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მსგავს წესებს არ დაემორჩილებოდა.

დავით ჭიჭინაძე უკმაყოფილებას გამოხატავდა თავისი თანაგუნდელის ვანო ზარდიაშვილის მიმართაც. მისი თქმით, ის, რომ ვანო ზარდიაშვილი ქართული ოცნების წევრია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარტიის ყველაზე დიდი შეცდომაა.