თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსის მანქანებზე გარკვეული რეგულაციები დაწესდება. კონკრეტულად, რეგულაციები გავრცელდება ფერზე, ვიზუალსა და სხვადასხვა ტექნიკურ მახასიათებელზე.

"ორკარიანმა, ე.წ. სამკარიანმა ავტომობილმა არ უნდა უზრუნველყოს ტაქსის მომსახურების სერვისი ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა", - განაცხადა ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთანავე, პირველი ოქტომბრიდან ტაქსების ელექტრონული რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებართვის მაძიებლები სპეციალური ვებგვერდის საშალებით გაივლიან რეგისტრაციას და პროცედურის გავლის შემდეგ შესაბამის საბუთს მიიღებენ.

"ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით იქნება დაჯარიმებული", - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.