საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობას არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მარგველაშვილის თქმით, მისთვის ეს შედეგი გასაკვირი არაა, რადგან ამომრჩეველი დაბნეულია.

"ყველაფერი გავაკეთეთ ამ ხუთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინები ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებთან მიმართებით", - განაცხადა მარგველაშვილმა დღეს, პირველ აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მარგველაშვილის თქმით, ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს ყველა ძირითადი უფლება ჩამოართვეს და ამიტომაა დაბნეული. მისივე განცხადებით, დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტისა და უშიშროების საბჭოს სისტემური რყევა მიმდინარეობდა.

"დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, პრეზიდენტს ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობების უფლება, ფაქტობრივად, მოქალაქეობის უფლების ნაწილშიც იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74 პროცენტს არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც კვლევის პრეზენტაციისას, NDI-ს წარმომადგენელმა, ლორა ტორტონმა განაცხადა, ესაა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო პერიოდში, როცა მოსახლეობას არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს.